5 შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვათ, თუ შვილს სკოლისათვის ამზადებთ

ანბანის ცოდნა არ ნიშნავს რომ ბავშვი სასკოლოდ მზადაა

ხშირად მშობლებს გონიათ, რომ ბავშვმა იცის კითხვა, ანგარიში და ეჩქარებათ ბავშვის სკოლაში მიყვანა, სიტუაცია იცვლება მას შემდეგ როდესაც, ბავშვისთვის რთულად გასაგები ხდება მასწავლებლის მითითებები, უჭირს გაკვეთილზე გაჩერება, დამოუკიდებლად ვერ ართმევს თავს მარტივ დავალებებს. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ წინასწარ იზრუნოთ, უფრო მნიშვნელოვან სასკოლო უნარების გამომუშავებაზე.

მოსწავლეს შეეძლოს ფურცელზე ორიენტაცია, თავისუფლად იგებდეს მასწავლებლის მითითებებს (მარცხნიდან მარჯვნივ, ზევით ქვევით და ა. შ).
შეეძლოს დროსა და სივრცეში ორიენტირება.
კარგად ახერხებდეს თანატოლებთან ადაპტაციას და შეეძლოს რიგითობის დაცვა.
ჰქონდეს უკვე ჩამოყალიბებული ასაკობრივი, მოსმენის უნარები.
თავისუფლად იყენებდეს საკანცელარიო ნივთებს: მაკრატელს, სახაზავს, თავისუფლად იჭერდეს ფანქრებს, საწერ კალამს და ა. შ.
შეეძლოს თვით მოვლა: ჩაცმა/გახდა, ზონარის შეკვრა, ჩანთის ჩალაგება ამოლაგება და ა. შ

ხშირად ესაუბრეთ ბავშს სკოლაზე

აღუწერეთ რით გავს და რით განსხვავდება ბაღი და სკოლა, უთხარით რომ 6 წლის ასაკიდან ადამიანი გადადის ახალ საფეხურზე, როდესაც ის იწყებს განათლების მიღებას, ხდება დამოუკიდებელი და უფრო ძლიერი.
ბავშვმა უნდა იცოდეს რომ სკოლაში სწავლა ხანგრძლივი ეტაპია, კარგი იქნება თუ არ დაიზარებთ და მოუყვებით სასკოლო საგნებზეც.
ბავშვთან ყოველთვის მოიყვანეთ დადებითი მაგალითები, მოუყევით თქვენზე, რომ კარგად სწავლობდით, ყოველთვის დროულად ასრულებდით დავალებას და ასე შემდგე. ბავშვის განწყობაზე ძალიან მოქმედებს მშობლის მაგალითი, თუ მშობელი ამბობს, რომ ამა თუ იმ საგანს ვერ ან არ სწავლობდა ამ შემთხვევაში ბავშვის დამოკიდებულება იმ საგნის მიმართ ნეგატიური ან არასერიოზული ხდება.
გაითვალისწინეთ, როდესაც მშობელი ბავშვს ეუბნება:

"მე ვერ მოვახერხე სკოლაში კარგად მესწავლა და მინდა ეს შეცდომა შენ გამოასწორო"

ეს დიდი შეცდომაა!

ნუ აგრძნობინებთ ბავშვს, რომ სკოლა ძალიან სერიოზული და საპასუხისმგებლოა, რადგან ამ ფაქტმა შეიძლება იგი დააფრთხოს.

ეთამაშეთ "სკოლობანა".
მას შემდეგ რაც ბავშვი თეორიულად გაიცნობს სკოლას შესთავაზეთ ითამაშოთ "სკოლობანა". ბავშვებს ძალიან უყვართ როლური თამაშები, მიეცით შანსი რომ იყოს მოსწავლე და შემდეგ მასწავლებელიც. თამაშის მეშვეობით, ბავშვს უკეთ გააცნობთ სკოლას, შესაბამის პასუხისმგებლობებს, კლასში მოქცევის წესებს და ა.შ. ამ დროს, ბავშვი არა მარტო ისწავლის, არამედ დადებითი და პოზიტიური დამოკიდებულება გაუჩნდება სკოლის მიმართ.

სწორად შეურჩიეთ სკოლა, ნუ ჩაატარებთ ბავშვზე ექპერიმენტს.

ძალიან მნიშვნელოვანია მშობელმა სკოლის არჩევისას არ მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება. გახსოვდეთ, ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი მიჯაჭვულობა. მაშინ, როდესაც მშობელი ხშირად უცვლის ბავშვს საბავშვო ბაღს ან წრეებს, გადაყავს ერთი წრედან მეორეზე შემდეგ კი სკოლას, ბავშვს უჩნდება ზერელე დამოკიდებულება. იგი აღარ ცდილობს თავი დაიმკვიდროს ახალ გარემოში, რადგან მოლოდინი აქვს, რომ მალე კიდევ ახალ გარემოში გადაიყვანენ.

თუ აპირებთ რომ ბავშვს უნდა შეუცვალოთ ბაღი, სკოლა ან წრე, წინასწარ გააფრთხილეთ, უთხარით რომ მან აქ უკვე ამოწურა თავის შესაძლებლობები ანუ უკვე ისწავლა ის რაც აქ უნდა ესწავლა და ახლა სხვაგან უნდა დაიწყოს სწავლა (შეგიძლიათ, გადასცეთ სწავლის დასრულების სერთიფიკატიც). წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვმა შეიძლება თავისებური დასკვნები გააკეთოს.

სკოლის შერჩევისას კი, გირჩევთ გაითვალისწინოთ:

პასუხობს თუ არა სკოლა თქვენს მოთხოვნებს, ამისათვის უმჯობესია წინასწარ ჩამოწეროთ რა კრიტერიუმებით უნდა შეაფასოთ სკოლა და პრიორიტეტების მიხედვით გააკეთოთ არჩევანი.

ბავშვს მიეცით არჩევანის გაკეთების უფლება. მოაწყვეთ ისე, რომ ბავშვმა თავად აირჩიოს სკოლა.

მას შემდეგ რაც თქვენ უკვე გადაწყვიტავთ, ბავშვმა რომელ სკოლაში უნდა დაიწყოს სწავლა, წაიყვანეთ ბავშვი და გააცანით გარემო, მოუყევით სკოლის შესახებ და უთხარით რატომ გინდათ, რომ მან ამ სკოლაში ისწავლოს. შემდეგ სხვა სკოლაც აჩვენეთ შედარებისთვის და ჰკითხეთ სად ურჩევნია სწავლის დაწყება.

გახსოვდეთ, როდესაც ადამიანი თავად ირჩევს რაც უნდა, უფრო გულისყურით და მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება მის სისრულეში მოყვანას.


© მარიამ შარიქაძე,
ფსიქოლოგი