როგორ მოვამზადოთ ჩვენი პატარა სკოლისთვის

2/6/2018
როგორ მოვამზადოთ ჩვენი პატარა სკოლისთვის

როგორ მოვამზადოთ ჩვენი პატარა სკოლისთვის?

ბავშვის სკოლაში წასვლა ოჯახისთვის ბედნიერი და ნანატრი მომენტია, მაგრამ ამავდროულად დაძაბული და ყურადსაღები.

იმისათვის, რომ მოვამზადოთ ჩვენი პატარა სკოლისათვის აუცილებელია განვსაზღვროთ:

  • ბავშვის ასაკობრივი შესაძლებლობები.
  • უნარები, რომელიც აუცილებელია სკოლაში წარმატებული სწავლისთვის.

დამეთანხმებით, რომ: ყველა მშობელს სურს, თავისი შვილი იყოს გამორჩეული, ადვილად ჩაებას სასკოლო ცხოვრებაში და უხაროდეს სასკოლო დავალებების შესრულება. ასევე ყველა მშობელი ცდილობს ბავშვს ადრევე ასწავლოს ანბანი, ციფრები, წერა და კითხვა.

მაგრამ:

სკოლისთვის მომზადება არ ნიშნავს ბავშვს წინასწარ შევასწავლოთ სკოლის პროგრამა და სკოლაში მიყვანის შემდეგ დაველოდოთ მის წარმატებას - ამან შეიძლება უარყოფითი შედეგი გამოიღოს. 

ჩვენი წინასწარი მომზადებით, ბავშვისთის სკოლა, რასაც ამდენ ხანს ელოდა, შეიძლება უინტერესო ადგილად ვაქციოთ. ალბათ ხშირად მოგისმენიათ ფრაზა "მე ხომ ეს უკვე ვიცი?!". ამიტომ, შევეცადოთ პატარები მოვამზადოთ სკოლისთვის ემოციურად და ფიზიკურად. ვიზრუნოთ, რომ სკოლამ მისი მოლოდინები გაამართლოს.

განვსაზღვროთ თუ რას ნიშნავს ემოციური მზაობა:

  • იცის თუ არა ბავშვმა რა მნიშვნელობა აქვს სკოლას?
  • რა მოლოდინები აქვს სკოლისგან?
  • არის თუ არა მზად მომავალი პასუხიმგებლობებისთვის? (იგულისხმება თვითმოვლა: ჩაცმა-გახდა, სასკოლო ინვენტარის ყურადღება და სხვა);
  • ახერხებს თუ არა ბავშვი უცხო გარემოში ადვილ ადაპტაციას? (იგულისხმება: უცხო ნივთების ათვისების უნარი, უცხო გარემოში სწრაფი ორიენტაცია, უცხო თანატოლების  მიმღებლობა და ურთიერთობის გაბმის უნარი);
  • აქვს თუ არა სურვილი ისწავლოს და იყოს წარმატებული?
  • აცნობიერებს თუ არა, რომ სკოლა არის პირველი საფეხური და სკოლის დამთავრების შემდეგ მან უნდა აირჩიოს მომავალი პროფესია?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა რათქმაუნდა 6 წლის ბავშვს არ მოეთხოვება, თუმცა ეს ის საკითხებია, რაზეც უფროსებმა წინასწარ უნდა ვიზრუნოთ.  ვუბიძგოთ ბავშვს, სწორად გააცნობიეროს სკოლის მნიშვნელობა და დავეხმაროთ მას ამ უნარების გამომუშავებაში.

რას ნიშნავს ფიზიკური მზაობა:

დავუკვირდეთ, რომელი აქტივობაა ყველაზე საყვარელი ბავშვისთვის რომლითაც, ის ყველაზე მეტ ხანს არის დაკავებული დღის განმავლობაში?

პასუხი შეიძლება მრავალნაირი იყოს. რა თქმა უნდა ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და მათი ინტერესები განსხვავებული. ნაწილი უფრო ხშირად მოძრავი თამაშითაა დაკავებული, ზოგიერთი დიდ დროს კომპიუტერთან/პლანშეტთან ან ტელეფონთან ატარებს, რომელიღაცას მარტო თამაში ურჩევნია თანატოლებთან ერთად გართობას...

  • როგორ ფიქრობთ - შესძლებს თქვენი პატარა ფიზიკურად 35-40 წუთის განმავლობაში დაიკავოს თავისი ადგილი მერხთან?
  • ყურადღებით იყოს ჩართული სასწავლო პროცესში?
  • პასუხისმგებლობით მოეკიდოს ახალი ცოდნის მიღების პროცესს?

5-6 წლის ასაკში, ბავშვების შესაძლებლობები ძალიან განსხვავებულია. ჩვენ არ შეგვიძლია ერთი საზომით გავზომოთ მოსწავლის მზაობა სკოლისათვის. ბავშვმა შეიძლება ბევრი რამ იცოდეს: ანბანი, ციფრები, წერა-კითხვა მაგრამ, არ იყოს ემოციურად და ფიზიკურად მზად სკოლისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია წინასწარ განვსაზღვროთ ბავშვის ასაკობრივი შესაძლებლობები, შემდეგ კი გავითვალისწინოთ რა უნარები გვჭირდება სკოლაში წარმატებული სწავლისთვის.

აღქმა

პირველი სირთულე, რასაც ბავშვი შეხვდება გაკვეთილზე, არის ადაპტაცია ახალ გარემოსთან. მაგალიტად: მის წინ დევს გადაშლილი რვეული. შესძლებს კი ბავშვი შეასრულოს მასწავლებლის დავალება და დამოუკიდებლად გამოტოვოს უჯრები, როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ? დაიწყოს წითელი ხაზიდან? როგორ ფიქრობთ, ადვილია ბავშვისთვის გააგრძელოს გაკვეთილი, როდესაც მას დასაწყისშივე უჭირს დავალების შესრულება?!

სწორედ ამიტომ 5-6 წლის ასაკშივე მნიშვნელოვნია ბავშვს ვასწავლოთ ახალ გარემოში ორიენტირება, ვასწავლოთ სად მდებარეობს ფურცელზე მარჯვენა და მარცხენა მხარე, ზევით და ქვევით და ა.შ.

ყურადღება

თუ ბავშვის ყურადღება არ არის ჩამოყალიბებული, მისთვის რთული იქნება კონცენტრირება სასწავლო მასალაზე. ის ხშირად გაერთობა სხვა რამით და ყურადღებას გადაიტანს სასწავლო მასალიდან.

ბავშვის ყურადღებას სჭირდება ჩამოყალიბება და განვითარება.
როგორ ვიზრუნოთ ამაზე?!

გავითვალისწინოთ ბავშვის საყვარელი სფერო, აქტივობა და დავიწყოთ იქიდან.
მაგალითად: ბავშვს უყვარს მულტფილმი ან კომპიუტერული თამაში „X“. ამოვბეჭდოთ გასაფერადებელი გმირები ამ მულტფილმიდან/თამაშიდან და მასთან ერთად ხშირად ვაფერადოთ, ვასწავლოთ დაიცვას საზღვრები, დავაგროვოთ ბევრი ნაუშევრები და შემდეგ ვეთამაშოთ დამალობანა. 5 ფურცლიდან სადაც სხვადასხვა სიუჟეტი ან გმირია გაფერადებული დავუმალოთ ერთ-ერთი და აბა თუ გამოიცნობს რომელი დავმალეთ, ასე მივუმატოთ ფურცლების რაოდენობას და ნელ-ნელა გავზარდოთ ბავშვის ყურადღების კონცენტრაციის უნარი. 
მივაჩვიოთ მოსმენას, ვეცადოთ ყოველდღიურად წავუკითხოთ ზღაპრები და მოთხრობები, ხოლო შემდეგ მივცეთ ბავშვს საშუალება,  იმსჯელოს და მოყვეს შინაარსი.

მეხსიერება

გამოყოფენ ორი სახის მეხსიერებას: მოკლევადიანი (ეს არის ზედაპირული და მყიფე) და ხანგრძლივი (რომელიც გონებაში რჩება უფრო დიდ ხანს). იმისათვის, რომ ინფორმაცია ბავშვმა ხანმოკლე მეხსიერებიდან გადაიტანოს ხანგრძლივ მეხსიერებაში, სჭირდება რამდენჯერმე გამეორება და განმტკიცება. ამიტომაც, ტვინის ვარჯიშს ბავშვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
როდესაც ბავშვს ვასწავლით რაიმე ახალს უმჯობესია, რომ ახალი ინფორმაციის გარშემო ხშირად დავუსვათ კითხვები, კითხვაზე პასუხი კი უნდა იყოს მაქსიმალურად მოკლე და ლაკონური, რომ ბავშვმა მარტივად შეძლოს დამახსოვრება.
როდესაც ბავშვი ეჩვევა ცოდნის მიღების პროცესს - უვითარდება მეხსიერება და შემდგომში მარტივად ახერხებს მსჯელობას, ლოგიკურ აზროვნებას. 

ლოგიკური აზროვნება

ფიქრის პროცესი ბავშვს უვითარებს საგნებისა და მოვლენების ერთმანეთისგან გარჩევას, ასევე სხვადასხვა მოვლენის ერთმანეთთან დაკავშირების უნარს. როდესაც, ბავშვს შეუძლია იფიქროს, იაზროვნოს, ის სწავლობს ლოგიკურ აზროვნებას.

ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვი მივაჩვიოთ ფიქრსა და მსჯელობას. გამოვუმუშავოთ მას ლოგიკური აზროვნება.  ბავშვმა უნდა შესძლოს  გაარჩიოს ერთმანეთისგან მთავარი და მეორე ხარისხოვანი.

აუცილებელია, ხშირად წავუკითხოთ ბავშვს ზღაპრები და საბავშვო მოთხრობები. მივაჩვიოთ მსჯელობასა და საკუთარი აზრის დაფიქსირებას. ვასწავლოთ, როგორ დაუკავშიროს მოვლენები ერთმანეთს და განსაზღვროს როლები მნიშვნელოვან და ნაკლებად მნიშვნელოვან სიუჟეტებს შორის.
მუდმივად მივცეთ საშუალება იაზროვნოს და წავახალისოთ მისი მსჯელობა.

მოტორული განვითარება

ბავშვის ხელის გავარჯიშება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომლითაც განისაზღვრება ბავშვი მზად არის თუ არა სკოლისთვის. თუ ბავშვი ამ საკითხში შედარებით სუსტია, შეიძლება ამ ყველაფერმა მიიყვანოს იქამდე, რომ გაკვეთილებზე წერის დროს იგი დაიღალოს და მისი ნაწერი გახდეს უარესი. ამის გამო მოსწავლე შეიძლება ჩამორჩეს მასალას. ამიტომაც საჭიროა, მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცეს მოტორულ განვითარებას.

ხშირად ვათამაშთ ბავშვი პლასტელინით, ვასწავლოთ ძერწვა, ვათამაშოთ ფერადი ფურცლებით და გამოვაჭრევინოთ ფიგურები. შევეცადოთ, რომ თამაშ-თამაშით დაიხვეწოს ბავშვის მოტორული შესაძლებლობები და შემდეგ მივცეთ კალამი. გვახსოვდეს, რომ თუ ბავშვს არ აქვს გავარჯიშებული ხელის მტევანი და ის პირდაპირვე შეეცდება ისწავლოს წერა, ადვილად დაიღლება და სურვილი დაეკარგება აკეთოს ის საქმე რომელიც ცუდად გამოსდის.

როგორ ვიზრუნოთ, რომ სკოლამ ბავშვის მოლოდინები გაამრთლოს?

ნუ დაგავიწყდებათ, ბავშვისთვის თქვენ დიდი ავტორიტეტი ხართ. ძალიან მნიშვენლოვანია თქვენი პოზიტიური დამოკიდებულება იმ საგნებისა და იმ მოვლენების მიმართ, რასაც ბავშვი ეუფლება.

თუ ბავშვი იგრძნობს, რომ მასზე დიდი პასუხისმგებლობაა და მშობელი მისგან თავიდანვე დიდ წარმატებას მოელის, ის შეიძლება სკოლაში მისვლის შემდეგ სირთულეებმა დააფრთხოს და ჩათვალოს, რომ თქვენ იმედები გაგიცრუათ. ამიტომ უკეთესია მოუყვეთ თქვენი პირველი ნაბიჯების შესახებ სკოლაში.

შეეცადეთ, რომ ახსენოთ სირთულეები, რომელიც სავარაუდოდ მოყვება სასწავლო პროცესს. აუხსენით თქვენს შვილს, რომ ეს ყოველთვის ასე ხდება და თქვენ იმისთვის ხართ, რომ მას დაეხმაროთ.

არ დაგავიწყდეთ წაახალისოთ მისი ნებისმიერი წარმატება, რასაც ბავშვი თავის მიღწევად მიიჩნევს. მუდამ გახსოვდეთ, ნებისმერ ბავშვში არის ძალა, გახდეს ლიდერი და წარმატებული იმ სფეროში რასაც ის აკეთებს.

მარსო ყოველთვის ეცდება წვლილი შეიტანოს პატარების სკოლამდელ განათლებაში!
გისურვებთ წარმატებებს!

მარიამ შარიქაძე
ფსიქოლოგი

გაგვიზიარეთ თქვენი ემოცია